Friday, November 16, 2018


    უინსტონ ჩერჩილი   




















უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნეომბერს ჰერცოგ მალბოროს საგვარეულო მამულში, ბლენჰეიმების სასახლეში დაიბადა. ჩერჩილის მამა - ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, მე-7 ჰერცოგ მალბოროს მე-3 შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან, ეკავა ფინანსთა კანცლერის თანამდებობა. დედა - ლედი რენდოლფ ჩერჩილი, ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი(ინგლ. Jennie Jerome), მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი იყო.
მამა გატაცებული იყო პოლიტიკური ცხოვრებით. დედა აქტიურად იყო ჩაბმული მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში. მშობლები შვილს არასათანადო ყურადღებას აქცევდნენ. 1875 წლიდან ბავშვის აღზრდა ძიძას, ელიზაბეტ ენ ევერესტს (ინგლ. Elizabeth Anne Everest), მიანდეს. მას ძლიერ უყვარდა უინსტონი და ჩერჩილისათვისაც იგი ყოველთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იყო.
როდესაც ჩერჩილს 8 წელი შეუსრულდა, იგი სენტ-ჯორჯის მოსამზადებელ სკოლაში გაგზავნეს. სკოლაში მოქმედებდა ფიზიკური სასჯელი და უინსტონი, რომელიც მუდმივად არღვევდა დისციპლინას, ხშირად ხდებოდა სასჯელის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მისმა ძიძამ, რომელიც რეგულარულად აკითხავდა, აღმოაჩინა ბავშვის ტანზე დალურჯებები, მაშინვე აცნობა დედას და უინსტონი, ბრაიტონში, დები ტომსონების სკოლაში გადაიყვანეს. გადასვლის შემდეგ მისი წარმატებები სწავლაში გაუმჯობესდა, მაგრამ ყოფა-ქცევის ატესტაცია შემდეგნაირად ჟღერდა: "მოსწავლეთა რაოდენობა კლასში — 13. ადგილი — მე-13."
1886 წელს, მან მძიმე ფილტვების ანთება გადაიტანა. სუსტი ჯანმრთელობისა და სწავლაში საეჭვო მიღწევების გამო, მშობლებმა იგი არა იტონში (სადაც მალბოროების მრავალი თაობა აღიზარდა), არამედ ჰაროუს სკოლაში (ინგლ. Harrow School) გაგზავნეს. 1889 წელს იგი "სამხედრო კლასში" გადავიდა, სადაც საერთოსაგანმანათლებლო საგნების შესწავლასთან ერთად, მოსწავლეებს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ. სკოლა მან იმ 12 მოსწავლესთან ერთად დაამთავრა, რომლებმაც შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, უინსტონმა განსაკუთრებულ წარმატებას ისტორიის საგანში მიაღწია. ჰეროუში ის ფარიკაობით დაკავდა და 1892 წელს სკოლის ჩემპიონიც გახდა.
1893 წლის 28 ივნისს, ჩერჩილი მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში სენდჰიორსტში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დაბალი შედეგის გამო (92 102-დან) ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. სენდჰიორსტში ის 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობს და ამთავრებს რეიტინგით მე-20 130 სტუდენტიდან (სხვა ცნობებით მე-8 150-დან). 1895 წლის 20 თებერვალს ჩერჩილს უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ანიჭებენ.